ჭიათურის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარმატებით გრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სააგენტოს ინფორმაციით, თეატრში მიმდინარეობს: თეატრის სახურავის განახლება, შენობის უკანა კედლის ჰიდროიზოლაცია, ფასადებისა და ინტერიერის რეაბილიტაცია, საინჟინრო ქსელების მოწყობა, კედლებისა და ორნამენტების რესტავრაცია. თითქმის დასრულებულია სახურავის განახლება და საინჟინრო კომუნიკაციების მონტაჟი.
ინფორმაციისთვის: სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ თეატრის შენობის სხვადასხვა სართულზე ფრაგმენტულად იყო დაზიანებული სართულშუა რკინაბეტონის გადახურვა და ხის იატაკი. აღდგენითი სამუშაოებისას მოიხსნა დაზიანებული ფენები, დაიგო ახალი რკინაბეტონის ფილა და ხის იატაკი.
პროექტით გათვალისწინებულია დარბაზის გახმოვანებისა და განათების სისტემების განახლება. თეატრს ექნება ახალი სასცენო მექანიზაციის სისტემა, თანამედროვე სტანდარტების ხმის საიზოლაციო და აკუსტიკური პანელები. მიმდინარე წელს იგეგმება თეატრის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების დაწყებაც.
აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობა რთულ რელიეფზე დგას. ბოლო წლების განმავლობაში მილსადენებიდან კედლებში წყალი ჟონავდა და შენობას აზიანებდა. დროთა განმავლობაში დაზიანდა სახურავი და საინჟინრო კომუნიკაციებიც, რის გამოც თეატრის შენობას სრული რეაბილიტაცია დასჭირდა.
აღდგენით სამუშაოებს, რომლებიც 2024 წელს დაიწყო, ხელმძღვანელობს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს „ბილდკინგსი“. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის რეაბილიტაციისათვის გამოყო 13 660 231 ლარი.
ჭიათურაში თეატრი 1894 წელს დაარსდა, 1910 წლიდან კი მას უკვე მუდმივი დასი ჰყავდა. ახალი შენობა 1949 წელს აიგო და თეატრს აკაკი წერეთლის სახელი მიენიჭა. შენობის ცენტრალურ ფასადზე გამოკვეთილია აკაკი წერეთლის ფიგურა, ხოლო ფრონტონს აგვირგვინებს ქანდაკება „გამარჯვება“. ჭერზე გამოსახულია ფერმწერ-მონუმენტალისტ რობერტ სტურუას მიერ შესრულებული ფერწერული პანო.