“ახალგაზრდა ადვოკატები” მურმან დუმბაძეს უჩივიან
ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატებმა” თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის მიმართ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა. ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის წევრისგან საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფას ითხოვს.
“ახალგაზრდა ადვოკატების” თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლოსთვის მიმართვამ პოლიტიკოსები უნდა დააფიქროს, რომ არსებობს საჯარო კრიტიკა და თმენის ვალდებულება.
“სამართალწარმოების მიზანია, მსგავსი ტიპის საქმეებზე შეიქმნას სასამართლო პრაქტიკა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მესამე სექტორის მიმართ, მაღალ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ. მურმან დუმბაძემ ორგანიზაციის სამართლებრივი ანალიზი, აჭარის რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობებთან დაკავშირებით, არგუმენტაციის გარეშე დატოვა და “ახალგაზრდა ადვოკატები”, განცხადების გამო, ხელისუფლების მხრიდან დაქირავებულ ორგანიზაციად დაასახელა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ვერც შეთავაზებულ გონივრულ ვადაში შეძლო, საკუთარი განცხადების დამადასტიურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა”, – აცხადებს კაიკაციშვილი.
ორგანიზაციის შეფასებით, მურმან დუმბაძის აღნიშნული განცხადება შეურაცხმყოფელია და ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შელახველი ცნობების გავრცელებას წარმოადგენს.
“როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის სამართლებრივი მსჯელობის მიმართ ბრალდება გამოითქმის, აუცილებელია არსებობდეს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ორგანიზაციის მიმართ ხელისუფლების დავალების ფაქტს. ამასთან, უნდა არსებობდეს კონკრეტული საფუძვლები, რათა დასაბუთდეს ორგანიზაციის მოქმედი წევრების ნაკლები სამართლებრივი კვალიფიკაციის საკითხიც. სხვა შემთხვევაში, ადგილი აქვს საჯარო პირის მხრიდან ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას, რომელიც ნორმალურ ვითარებაში, კანონმდებელმა და კანონის დამცველმა პარლამენტის წევრმა უნდა იცოდეს”, _ აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე განცხადებით, დონორი ორგანიზაციები, პარტნიორები, კლიენტები “ახალგაზრდა ადვოკატებს” ნდობას მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი საქმიანობის გამო უცხადებენ. “ახალგაზრდა ადვოკატები” მიიჩნევენ, რომ შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადება, თუნდაც ეს ნაკლებად კანონშემოქმედი ადამიანი იყოს, მთლიანად ცვლის ორგანიზაციის მიმართ სამოქალაქო ჯგუფების შემდგომ დამოკიდებულებას და პარტნიორულ ურთიერთობებს.
“ახალგაზრდა ადვოკატებმა” 19 სექტემბრის ბრიფინგზე აჭარის რეგიონის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობაში, პარლამენტის წევრ მურმან დუმბაძის პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობები სამართლებრივად შეაფასეს, რა დროსაც, ორგანიზაციამ პარლამენტის ვიცე-სპიკერის ქცევაში კონსტიტუციური პრინციპების დარღვევაზე და სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებზე მიუთითა. ორგანიზაციის სამართლებრივ შეფასებას მურმან დუმბაძემ აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს პოლიტიკური განცხადებით უპასუხა და მიუთითა, რომ “ახალგაზრდა ადვოკატები” დაქირავებულები არიან. “წარმოდგენა არ აქვთ, რა არის საქართველოს კონსტიტუცია, გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და რა არის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობები. თუ ეს ხელისუფლება ასეთ დაქირავებულებს განცხადებებს გააკეთებინებს, მაშინ ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლებაც გადაიქცევა იმ ხელისუფლებად, რომელიც ჩვენ გავუშვით”, – აღნიშნა პარლამენტის წევრმა მურმან დუმბაძემ.