ოთარ შამუგია: 10-12 წლის წინ ჩვენი მევენახეების შემოსავალი კახეთში 50 მილიონი ლარი იყო, წელს ველოდებით, რომ მინიმუმ 350 მილიონი იქნება, რაც ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია
თელავში რთველი 2024-ის საკოორდინაციო შტაბის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფომ წლებია, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგი პრიორიტეტად გამოაცხადა და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა დარგის განვითარებისთვის.
„სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერამ და კერძო სექტორთან, მეღვინეებთან, კომპანიებთან აქტიურმა თანამშრომლობამ მოგვცა ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს და რაც გამოიხატა როგორც წარმოების, ისე ღვინის ექსპორტის ზრდაში. თუ 10-12 წლის წინ კახეთში ჩვენი მევენახეების შემოსავალი იყო წლიურად 50 მლნ, წელს ველოდებით, რომ მინიმუმ 350 მლნ იქნება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია. თუ ღვინოზე მოთხოვნა არ იქნება, რა თქმა უნდა, ყურძნის ფასიც ვერ იქნება შესაბამისი. ამიტომ ჩვენ, ვეხმარებით კომპანიებს, მევენახეებს, ვეხმარებით დარგს მთლიანობაში, დაწყებული პირველადი წარმოებიდან დამთავრებული მისი რეალიზაციით. მსოფლიო ბაზარზე მარკეტინგული ღონისძიებებისთვის მნიშვნელოვან დაფინანსებას მივმართავთ ყოველწლიურად. მხოლოდ და მხოლოდ მეტი მოთხოვნა ღვინოზე განაპირობებს, რომ ყურძენზე ფასი იყოს უფრო მაღალი. შარშან, რქაწითელზე მინიმალური ფასი 90 თეთრის ფარგლებში განისაზღვრა, თუმცა საშუალო ფასი დაფიქსირდა, დაახლოებით, 1 ლარი და ხუთი თეთრი. წელსაც ჩვენ ველოდებით, რომ ფასი განსაზღვრულ მინიმალური ფასზე მაღალი იქნება. ჩვენი ამოცანაა, რომ კერძო სექტორმა მაქსიმალურად მოახდინოს ყურძნის შესყიდვა და შემდგომ უკვე ღვინის რეალიზაცია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
აღსანიშნავია, რომ მევენახე ფერმერების მიერ მოწეული ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველი სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს, რაც 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალებას, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთვლის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში ჩამბარებელს არანაკლებ 1.00 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1კგ რქაწითელზე 0.20 ლარს შეადგენს. ქალაქ თელავში რთვლის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24 საათიანი რეჟიმში მუშაობს.
ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.