ოთარ დანელია და დავით სერგეენკო თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ პრეზიდენტის მრჩევლის, სიუზან რაისის პირადი მოწვევით, მსოფლიო ჯანდაცვის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით თეთრ სახლში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.
შეხვედრაზე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გავრცელებული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები და ერთიანი სისტემის შემუშავების საკითხები განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების კუთხით, მსოფლიოს ჩართულობას და სხვადასხვა ქვეყნის როლს ამ პროცესში. მსოფლიო ჯანდაცვის უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენს ახალი გლობალური თანამშრომლობის პლატფორმას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ინიციატივით 2014 წლის თებერვალში შეიქმნა და მასში გაერთიანებულია მსოფლიოს 44 ქვეყანა, მათ შორის საქართველო.
აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატი, მიზნად ისახავს მსოფლიოში გავრცელებულ დაავადებებთან (როგორც ადამიანთა, ისე ცხოველთა დაავადებები) ბრძოლის ერთიანი სისტემის შემუშავებას. ,,ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენი ვიზიტიც ამის ნათელი დადასტურებაა. მინდა ხაზი გავუსვა თეთრ სახლში გამართულ ძალიან მნიშვნელოვან და ნაყოფიერ შეხვედრას.
მსოფლიოში გავრცელებული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სისტემა მოიცავს სამ ნაწილს: დაავადების პრევენცია, დადგენა-დიაგნოსტიკა და რეაგირება. აღსანიშნავია, რომ დადგენა-დიაგნოსტიკის მიმართულებით საქართველო და ნორვეგია ლიდერობენ“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ. საქართველომ, ახალი სისტემის მიხედვით დანერგა ჯანდაცვის ერთიანი მიდგომა, რაც ეფუძნება ლაბორატორიათა ერთიან ქსელს. მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების, ლაბორატორიათა ქსელის საერთაშორისო აკრედიტაციის და ბიოუსაფრთხოების მიმართულებით, ასევე ეროვნული კანონმდებლობის შემუშავების კუთხით.
უახლოეს მომავალში საქართველოს ექნება სრულად აღჭურვილი მცენარეთა დაცვისა და სურსათის ლაბორატორიები, რომლებიც სრულ შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან. თეთრ სახლში გამართულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის მინისტრებთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი ლალი მაძღარაშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები