ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: “უკრაინის შესვლა კურსკში – პუტინის დამცირებაა”
უკრაინის არმიის მიერ კურსკის ოლქში წარმოებული საბრძოლო მოქმედებები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აშკარა დამცირებაა,- ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კასიუნასმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინამ კურსკში წარმატებული სამხედრო ოპერაცია წამოიწყო და მოკლე ხანში შთამბეჭდავი რაოდენობის დასახლებული პუნქტები აიღო.
“პირველ რიგში, როგორც ჩანს, ეს არის სიტუაციის გათანაბრების მცდელობა, თუმცა, რა თქმა უნდა, რეალისტურად რომ შევხედოთ, ეს არის ვლადიმერ პუტინის აშკარა დამცირება. კიდევ რა სცენარები განვითარდება, რამდენ ხანს შეძლებენ უკრაინელები გაძლებას, ეს მომავლის კითხვებია და უკრაინელებს მივანდოთ”,- განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, კიევი ამ ოპერაციით რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან ძლიერი პოზიციით წარდგება.
“ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა მოხდა, არის მორალის ამაღლება, ეს ძალიან საჭირო იყო. ასე რომ, თუ რაიმე სახის მოლაპარაკებებზე ვისაუბრებთ, უკრაინელები უფრო ძლიერ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან”,- აღნიშნა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.