აშშ-ისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო მოვლენების განვითარებაზე ისაუბრეს
შეერთებული შტატებისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა, სატელეფონო საუბრისას, ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენების დინამიკა განიხილეს,- ამის შესახებ პენტაგონი იუწყება.
ოთხშაბათს სატელეფონო საუბარი შედგა პენტაგონის ხელმძღვანელს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს შორის. მათ განიხილეს აშშ-ის დახმარების პრიორიტეტული მიმართულებები და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმდინარე ოპერაციები.
„უმეროვმა ოსტინს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია საომარი მოქმედებების დინამიკასა და რუსეთის მიერ უკრაინაზე მიმდინარე თავდასხმების გავლენის შესახებ“, – ნათქვამია პენტაგონის პრესსამსახურის განცხადებაში.
ოსტინი და უმეროვი მხარს უჭერენ მოკავშირეებისა და პარტნიორების მხრიდან უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაკმაყოფილებას.
„აშშ რჩება ერთგული, დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიისგან დაცვაში“, – წერს ოსტინი სოციალურ ქსელში.