ბელგოროდის რაიონში ფედერალური საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა
ბელგოროდის რაიონში ფედერალური საგანგებო რეჟიმი შემოიღეს, – ამის შესახებ რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელ ალექსანდრე კურენკოვზე დაყრდნობით იტყობინება.
„მე გთავაზობთ, ბელგოროდის რეგიონში წარმოქმნილი საგანგებო სიტუაცია კლასიფიცირდეს როგორც ფედერალური საგანგებო მდგომარეობა და დაწესდეს რეაგირების ფედერალური დონე“, – განაცხადა მინისტრმა.
დღეს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, რეაგირებისა და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამთავრობო კომისიის რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.
როგორც კურენკოვმა განაცხადა, რეგიონში ვითარება კვლავ მძიმე და დაძაბულია. ბელგოროდის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ტერაქტების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურა, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
„რეგიონში მიმდინარეობს დაზარალებული მოსახლეობისთვის ყოვლისმომცველი დახმარების გაწევა, მაგრამ მასშტაბიდან გამომდინარე, რეგიონს არ აქვს საშუალება, დამოუკიდებლად აღმოფხვრას არსებული საგანგებო სიტუაციის პრობლემები“, – აღნიშნა მინისტრმა.