ილონ მასკი კამალა ჰარისს ინტერვიუზე იწვევს
ილონ მასკმა შესთავაზა გასაუბრება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს, თავის X Spaces პლატფორმაზე, – მოწვევა მასკმა მას შემდეგ გაგზავნა, რაც მილიარდერი ორშაბათს აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა.
ტრამპთან ინტერვიუ, რომელიც მისმა კამპანიამ შეაფასა, როგორც “საუკუნის ინტერვიუ”, დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა და მას 1 მილიარდი ნახვა აქვს. ინტერვიუ მოიცავდა დისკუსიებს რიგ საკითხებზე, მათ შორის ნოემბრის მოახლოებულ არჩევნებზე, ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე, უკრაინის კონფლიქტზე და აშშ-ის ურთიერთობებზე რუსეთთან და ჩინეთთან.
ინტერვიუს შემდეგ მასკმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ მოხარული იქნება კამალას მასპინძლობით X Spaces-ზე.
ჰარისს ჯერ ოფიციალურად არ უპასუხია.
ინტერვიუს დასასრულს, მასკმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა დონალდ ტრამპს მხარდაჭერა. მანამდე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილიარდერი ტრამპის მომხრე პოლიტიკური სამოქმედო კომიტეტის შესაქმნელად 45 მილიონი დოლარის შემოწირულობას გეგმავს, თუმცა მასკს ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.