უკრაინის გენერალურმა შტაბმა „ლიპეცკის“ სამხედრო აეროდრომზე თავდასხმა დაადასტურა
უკრაინის თავდაცვის ძალები 9 აგვისტოს ღამეს თავს დაესხნენ რუსეთის სამხედრო აეროდრომს „ლიპეცკს“, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, დარტყმა განხორციელდა რუსეთის სამხედრო აეროდრომზე, „ლიპეცკ-2“-ზე, სადაც რამდენიმე ათეული მოიერიშე თვითმფრინავი და ვერტმფრენი იყო განლაგებული და ასევე იყო საწყობები, სადაც 700-ზე მეტი მართვადი ბომბი ინახებოდა.
„უკრაინის თავდაცვის ძალებმა „ლიპეცკის“ აეროდრომს შეუტიეს. თავდასხმის დროს დაზიანდა საწყობები მართვადი საჰაერო ბომბებით და რიგი სხვა ობიექტები აეროპორტის ტერიტორიაზე. გამოვლინდა აალების რამდენიმე წყარო, გაჩნდა დიდი ხანძარი და დაფიქსირდა მრავალჯერადი აფეთქება“, – აცხადებენ გენშტაბში.
წყაროების ცნობით, უკრაინული დრონებით დარტყმის შემდეგ მოხდა ძლიერი აფეთქება, რამაც გამოიწვია ჯაჭვური აფეთქება და ფართომასშტაბიანი ხანძარი აეროდრომის დიდ ნაწილზე.