ისრაელის დელეგაცია “ჰამასთან” ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს დაესწრება
ისრაელის დელეგაცია დაესწრება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს “ჰამასთან” 15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა, ეგვიპტემ და კატარმა ხუთშაბათს გამოაქვეყნეს ერთობლივი მოწოდება, მოლაპარაკებების განახლების შესახებ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ.
„დროა, სასწრაფოდ მოვუტანოთ შვება როგორც ღაზას ტანჯულ ხალხს, ასევე ტანჯულ მძევლებსა და მათ ოჯახებს. ცეცხლის შეწყვეტის, მძევლებისა და დაკავებულების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების დადების დრო დადგა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელი მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ელ-სისიმ და კატარის ემირმა, თამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ.
მათ მოუწოდეს ისრაელს და “ჰამასს”, მოლაპარაკებები განაახლონ შემდეგ ხუთშაბათს, კაიროში ან დოჰაში.
„დასაკარგი დრო არ არის. როგორც შუამავლები, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, წარმოვადგინოთ საბოლოო გადამწყვეტი წინადადება, რომელიც გადაჭრის განსახორციელებელ საკითხებს ისე, რომ დააკმაყოფილოს ყველა მხარის მოლოდინი”, – აცხადებენ შუამავალი ლიდერები.