იაპონიამ მოსალოდნელი მეგა მიწისძვრის გაზრდილი რისკის შესახებ გაფრთხილება გამოსცა
იაპონიამ პირველად, უახლოეს მომავალში მოსალოდნელი მეგა მიწისძვრის გაზრდილი რისკის შესახებ გაფრთხილება გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, განცხადებაში ქვეყნის მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდეს, თუმცა ასევე აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს.
იაპონიის განცხადებით, ეს გაფრთხილება არ ნიშნავს იმას, რომ მეგა მიწისძვრა გარდაუვალია, მაგრამ მისი ალბათობა ჩვეულებრივზე მაღალია.
ამასთან, გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც იაპონიის კუნძულ კიუსიუს სამხრეთ ნაწილში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. სტიქიას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. თუმცა, ექსპერტები შეშფოთებულები არიან, რადგანაც ამ მიწისძვრის ეპიცენტრი ნანკაის ღრმულის სიახლოვეს, სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობდა, რომელიც იაპონიის წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივაა გადაჭიმული.