New York Times – რუსეთმა ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა დაიწყო

რუსეთმა დაიწყო ირანში მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რადარების გაგზავნა, – ამის შესახებ New York Times-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

მანამდე, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანი ითხოვდა საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ორმა ირანელმა ოფიციალურმა პირმა, ეს ინფორმაცია New York Times-თან დაადასტურა.

გამოცემის ცნობით, ირანში უკვე ჩავიდა რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ. ის ირანის პრეზიდენტს მასუდ პეზეშკიანს და ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურს, ბრიგადის გენერალს მოჰამად ბაღერის შეხვდა. ბაღერი ისრაელზე თავდასხმის დაგეგმარებაშია ჩართული.

ირანის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, კავშირების გასაღრმავებლად მზადაა.

„რუსეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ირანელ ხალხს რთულ დროს გვერდში დაუდგა“,- განაცხადა პეზეშკიანმა.

შოიგუმ საპასუხოდ აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა ირანთან რეგიონულ საკითხებზე სრულფასოვანი თანამშრომლობისთვის.

პეზეშკიანის განცხადებით, ისრაელის დანაშაულებრივი ქმედებები ღაზის სექტორში და გასულ კვირას თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა, საერთაშორისო კანონისა და წესის დარღვევის ნათელი მაგალითია.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა არანაირად არ ცდილობს რეგიონში ომისა და კრიზისის არეალის გაფართოებას, მაგრამ ეს რეჟიმი აუცილებლად მიიღებს პასუხს თავის დანაშაულებსა და ამპარტავნობაზე“, – თქვა პეზეშკიანმა.

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ პირობა დადო, რომ „მკაცრი სასჯელით“ დაისჯება ისრაელი.

„ჩვენს მოვალეობად მივიჩნევთ შური ვიძიოთ მისი სისხლისთვის, რადგან ის მოწამეობრივად დაიღუპა ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე”, – განაცხადა ხამენეიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები