გერმანიის იუსტიციის მინისტრი მოსახლეობას რუსეთში გამგზავრებისგან თავშეკავებას ურჩევს – “გირჩევთ, არ გაემგზავროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც არავინ არის უსაფრთხოდ”
გერმანიის იუსტიციის მინისტრი, მარკო ბუშმანი საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.
მისი თქმით, რუსეთში დიდი ხანია არავინ გრძნობს თავს უსაფრთხოდ.
„თუ ეს მოგზაურობა ძალიან აუცილებელი არ არის, გირჩევთ, არ გაემგზავროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც არავინ არის უსაფრთხოდ”, – აღნიშნა ბუშმანმა.
პატიმართა ბოლოდროინდელი გაცვლის ფაქტზე ბუშმანმა განაცხადა, რომ ბოლო მომენტამდე მას ეჭვი ეპარებოდა, რუსეთის ფედერაციის შეთანხმების შესრულებაში.
“რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ხშირად იყენებს შხამს პირდაპირ ან ირიბად, ადამიანების სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად.
ყველაზე მეტად მაღელვებდა ის, რომ რუსეთს არ მოეწამლა პატიმრები გაფრენის წინ. თვითმფრინავის გერმანიაში დაშვების შემდეგ, გათავისუფლებულ პატიმრებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ და მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა”, – დასძინა ბუშმანმა.
შეგახსენებთ, ანკარაში რუსეთსა და დასავლეთს შორის 26 დაკავებული პირის გაცვლა მოხდა, რომლებიც შვიდი სხვადასხვა ქვეყნის საპატიმროებში იმყოფებოდნენ – აშშ-ში, გერმანიაში, პოლონეთში, სლოვენიაში, ნორვეგიაში, რუსეთსა და ბელარუსში. გაცვლის ოპერაციის ფარგლებში 10 დაკავებული, მათ შორის ორი ბავშვი, რუსეთს გადაეცა, 13 დაკავებული – გერმანიას, სამი დაკავებული – აშშ-ს.