ცხრა თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოში პალესტინელი ლტოლვილებისთვის (UNRWA), შესაძლოა, 7 ოქტომბრის თავდასხმაში ყოფილიყვნენ ჩართული, – ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული პირები სამსახურიდან გათავისუფლებულები არიან.
გაეროს სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, რომელიც პასუხისმგებელია UNRWA-ს გამოძიებაში, თქვა, რომ იგი ეყრდნობა ისრაელის მიერ მოწოდებულ მტკიცებულებებს.
ისრაელის მონაცემებით, 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებულმა თავდასხმამ 1200 ადამიანი იმსხვერპლა.
„ცხრა პირთან დაკავშირებით არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ, შესაძლოა, მონაწილეობა ჰქონდეთ მიღებული 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმებში“, – აღნიშნა გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ ფარჰან ჰაკმა.
გაეროს წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული თანამშრომლებს.
„ჩვენთვის თავდასხმებში ნებისმიერი მონაწილეობა არის დიდი ღალატი იმ სამუშაოს მიმართ, რომელსაც უნდა ვაკეთებდეთ პალესტინელი ხალხის სახელით“,- განაცხადა ჰაკმა.
გაერომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც იანვარში ისრაელში განაცხადეს, რომ გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 12 თანამშრომელი „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.