ივნისში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 9.9%-ით გაუფასურდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.3%-ით გამყარდა – ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7164-დან 2.8258-მდე, ანუ 4.0%-ით, ხოლო ევროს მიმართ – 2.9340-დან 3.0421-მდე, ანუ 3.7%-ით გაუფასურდა.
“თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.8101 და 3.0082 შეადგინა. ივნისში დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.8693 იყო, მინიმალური კი – 2.7914.
ივნისში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები არათანაბრად იყო გადახრილი. ივნისში საშუალოდ, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია რუბლის, გამყარება, ევრო, თურქული ლირა და ლარი გაუფასურდა, ხოლო აზერბაიჯანული მანათი და სომხური დრამი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 9.9%-ით გაუფასურდა, თვის ჭრილში გაუფასურებამ კი 4.9% შეადგინა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიური გამყარება 0.3%-ია, თვის ჭრილში გაუფასურება კი 4.0%-ია. ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციაზე ზრდის წნეხს ქმნის. სავაჭრო პარტნიორთაგან ივნისში წლიური ინფლაცია თურქეთში, რუსეთში, ბელარუსში, უკრაინაში, აშშ-სა და ევროზონაში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო სომხეთსა და აზერბაიჯანში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.