ბანგლადეშის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი ინდოეთში ჩაფრინდა
ბანგლადეშის გადამდგარი პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინას ვერტმფრენი ინდოეთში დაეშვა,- ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ბრიტანული ტელეარხის ცნობით, ვერტმფრენი ჰინდონის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, დელისთან ახლოს დაეშვა.
ამ ეტაპზე უცნობია, ჰასინა რამდენი ხნით დარჩება ინდოეთში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანგლადეშის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლონდონში სურს გადასვლა.
ბანგლადეშის მთავრობის მეთაური ორშაბათს, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციებისა და არეულობის ფონზე გადადგა. ქვეყანაში ძალაუფლება ხელში სამხედროებმა აიღეს, რომლებმაც უკვე განაცხადეს, რომ დროებით მთავრობას ჩამოაყალიბებენ.
ბანგლადეშში, ივლისის დასაწყისში მასობრივი აქციები დაიწყო, რაც მოგვიანებით მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბოლო ცნობებით, დაპირისპირებას, დაახლოებით 300 ადამიანი ემსხვერპლა. მიტინგების მთავარ მიზეზად ბანგლადეშელი სტუდენტებისთვის დასაქმების კვოტების შემოღება სახელდება.