ნიკოლას მადურო ამბობს, რომ საკუთარ ძალაუფლებას ნებისმიერ ფასად დაიცავს
ვენესუელაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება გრძელდება. ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ამბობს, რომ საკუთარ ძალაუფლებას ნებისმიერ ფასად დაიცავს.
მადუროს თქმით, 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს 28 ივლისის კენჭისყრის შემდეგ, ხოლო უფლებადამცველების განცხადებით, სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა.
კარაკასში მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ არეულობაში მონაწილე დაკავებულ 2000 პირს ხელისუფლების მხრიდან დანდობის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს და მათ მაქსიმალური სასჯელი ელოდებათ.
ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიციის ლიდერს, ედმუნდო გონსალესს აღიარებს და საარჩევნო კომისიას არჩევნების შედეგების გადახედვისკენ მოუწოდებს.
ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა ვენესუელაში თვითნებური დაკავებების მზარდი რაოდენობის და ოპოზიციის შევიწროების გამო.