ოთარ შამუგიამ ახალციხეში შპს „გეო ფლაუერის“ საწარმო დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილთან ერთად ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში კომპანიის „გეო ფლაუერი“ ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „გეო ფლაუერი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანია სარგებლოს „შეღავათიანი აგროკრეტის“ პროექტით, გასულ წელს ჩართული იყო არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მოქმედ საწარმოს დღიურად 2 ტონა სამკურნალო ბალახებისა და 5 ტონა ხილის ჩაის გაშრობა-გადამუშავების შესაძლებლობა აქვს. საწარმოში დანერგილია სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა ISO 22000. საწარმო, სადაც სეზონურად 200, ხოლო მუდმივად 40 ადამიანია დასაქმებული, წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებსა და თურქეთში ახორციელებს. წარმოებული პროდუქცია იყიდება ბრენდით „მონთი“.
აღსანიშნავია, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში საწარმოში გასულ წელს მზის მცირე ელექტროსადგური მოეწყო, სადაც გამომუშავებული ენერგია გამოიყენება საწარმოში.
კომპანია „გეო-ფლაუერი“ ასევ ფლობს საწარმოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, გადამამუშავებელი საწარმოების შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაცემულია 1 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების 3,227 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 218 მილიონს აღემატება, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბანკების მიერ გაცემულია 26 მლნ ლარის ღირებულების 213 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 6 მლნ ლარს აღემატება.