ევროპიდან შემოსული ტურისტების წილი შემოსავლებში გაზრდილია და მაჩვენებელი საკმაოდ შთამბეჭდავია – ნატა კვაჭანტირაძე
მიმდინარე წელი საკმაოდ აქტიურობით გამოირჩევა იმ კუთხით, რომ მარკეტინგულად გაწეული აქტივობების ფონზე ვიზიტორების მზარდი სტატისტიკა გვაქვს, რამაც თავის მხრივ ასახვა პოვა შემოსავლებიც, – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, შემოსავლების კუთხით გასული წლების სტატისტიკურ მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება.
„შემოსავლების ნაწილში მიმდინარე მაჩვენებლებს თუ შევადარებთ გასულ წლებს და განსაკუთრებით პანდემიამდელ მაჩვენებლებს, როგორც სტატისტიკური მაჩვენებლები მეტყველებს, სადღაც 30%-მდე ზრდაა. რაც საკმაოდ დიდი შედეგია. მთავარია ამ შედეგიანობაში კერძო სექტორის შემოსავლები იყოს მზარდი იმისთვის, რომ კიდევ უფრო აქტიურად შეუდგნენ მომავალი წლისთვის მზადებას. არსებულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიზიტორების და შემოსავლების ზრდის პარალელურად მათი ქცევის წესებიც შეცვლილია და დაჯავშნები ხდება საკმაოდ მოკლე ვადებში. ვიზიტორები ტურისტული ვიზიტების განხორციელებაზე გადაწყვეტილებას იღებენ მოკლე ვადებში, იქიდან გამომდინარე თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში სტაბილურობის კუთხით, უსაფრთხოების კუთხით.
აგვისტო უკვე საკმაოდ აქტიურობით გამორჩევა შემოსვლითი ტურიზმის ნაწილში. თავისთავად გაზრდილია ტურისტების რაოდენობა, როგორც აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ისე ევროპიდან. ევროპიდან შემოსული ტურისტების წილი შემოსავლებში თავისთავად არის გაზრდილი და მაჩვენებლები საკმაოდ შთამბეჭდავია“, – აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი.
ნატა კვაჭანტირაძე ფიქრობს, რომ თუ კი ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა იქნება შენარჩუნებული, ტურისტულად შემოდგომაც საკმაოდ აქტიური იქნება.
„ახლა არის საკმაოდ ცხელი და აქტიური პერიოდი – აგვისტო, როცა ჩვენს საკურორტო ზონებში სტუმრების სიმრავლეა. შემოდგომა არის ის პერიოდი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პერიოდია, როგორც ღვინის ტურიზმის ჭრილში, ასევე კულტურული ტურიზმის ჭრილში და შემოდგომაც არის ერ-ერთი აქტუალური და უფრო სპეციფიკურ ტურისტებს იზიდას. თავისთავად სტატისტიკურ მონაცემებში დიდ წვლილს შეიტანს შემოდგომის სეზონი, მთავარია ქვეყანამ სტაბილური მდგომარეობა შეინარჩუნოს“, – განმარტავს ნატა კვაჭანტირაძე.
2024 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდული მაჩვენებელს მიაღწია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით წლევანდელი წლის ორ კვარტალში შემოსავლებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს +30.4%-ით (442 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემებს +5.2%-ით (94 მლნ. აშშ. დოლარით).
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა ევროპის ქვეყნებიდან.
2024 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
I-II კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან შემოსავლებმა 246 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და 2019 წელთან შედარებით +30.6%-ით გაიზარდა (58 მლნ აშშ დოლარით), 2023 წელთან შედარებით კი +14.2%-ით (31 მლნ აშშ დოლარით).