მაია ომიაძე: ორი კვარტლის მონაცემებით საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდულ მაჩვენებლებს მივაღწიეთ, რაც სწორი პოლიტიკის შედეგია
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა და ახალ ნიშნულს მიაღწია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, წლევანდელი წლის ორ კვარტალში შემოსავლებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს +30.4%-ით (442 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემებს +5.2%-ით (94 მლნ. აშშ. დოლარით).
„ორი კვარტლის მონაცემებით შემოსავლების ნაწილში რეკორდულ მაჩვენებლებს მივაღწიეთ, ეს არის სწორი პოლიტიკის შედეგი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს რეგულარულად ახორციელებს, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ინდოეთში, ჩვენ უკვე ჩინეთის ტურისტულ ბაზარზეც დავიწყეთ მუშაობა. შემოსავლების გაზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა ფრენების სიხშირეების დამატებამ. მთლიანობაში სწორი პოლიტიკითა და დივერსიფიკაციით ძალიან კარგ მაჩვენებელს მივაღწიეთ“, – განაცხადა მაია ომიაძემ.