ინგლისში, ქალაქ საუთპორტში არეულობის შედეგად 39 პოლიციელი დაშავდა
ინგლისის ქალაქ საუთპორტში, 3 გოგონას მკვლელობის შესახებ მიმდინარე გამოძიებას აპროტესტებენ და ამის გამო არეულობა დაიწყო, რის შედეგადაც 39 პოლიციელი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, არეულობაში მონაწილეები ადგილობრივ მეჩეთს და პოლიციელებს აგურებს ესროდნენ და ავტომობილებსა და ნაგვის ურნებს ცეცხლს უკიდებდნენ.
აღსანიშნავია, რომ 27 პოლიციელი საავადმყოფოში მოხვდა, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
ამასთან, არეულობა ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივ საცეკვაო სტუდიაზე თავდასხმა განხორციელდა. დანით შეიარაღებულმა პირმა 3 გოგო მოკლა.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 17 წლის ბიჭი, რომელიც მეზობელ ქალაქ ბენქსში ცხოვრობს.
პოლიციის განცხადებით, არეულობის მონაწილეები სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა პოსტებმა წააქეზა, რომელთა ავტორებიც თავდასხმაში ისლამისტების ადანაშაულებენ.