კირ სტარმერი საუთპორტში თავდასხმაზე: მთელი ქვეყანა ღრმად შოკირებულია
მთელი ქვეყანა ღრმად შოკირებულია, – საუთპორტში მომხდარი თავდასხმის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი განცხადებას ავრცელებს.
„დღევანდელი მოვლენები მართლაც შემზარავია და ვიცი, რომ მთელი ქვეყანა ღრმად შოკირებულია იმით, რაც მათ ნახეს და მოისმინეს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
კირ სტარმერმა თავდასხმის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების მეგობრებსა და ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
ინფორმაციისთვის, ჩრდილოეთ ინგლისის ქალაქ საუთპორტში, ცივი იარაღით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ორი ბავშვი დაიღუპა.
მერსისაიდის პოლიციის უფროსის, სერენა კენედის განცხადებით, დაშავებულია კიდევ ცხრა ბავშვი, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, კრიტიკულია ორი ზრდასრულის მდგომარეობა, რომლებიც ბავშვების დაცვას ცდილობდნენ.
პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი 17 წლის ბიჭია, რომელიც უკვე დაკავებულია. ის საცეკვაო სკოლაში მომღერალ ტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეიჭრა.