როგორ დაემშვიდობა ჟიული შარტავა მეუღლეს, როცა სახლიდან უკანასკნელად გავიდა

  სოხუმის დაცემიდან 21 წელი გავიდა. 1993 წლის 26 სექტემბერს ჟიული შარტავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. იგი სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს. სიკვდილის შემდეგ ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული გმირის ტიტული მიანიჭეს. „კვირა“ მკითხველს ქალბატონ ლია ჯალაღონია-შარტავას იმ მოგონებას სთავაზობს, როდესაც საქართველოს ეროვნული გმირი სახლიდან უკანასკნელად გავიდა და ის მეუღლეს უკანასკნელად დაემშვიდობა.
“დილის 5 საათი იყო. ყურმილი ავიღე. სოხუმიდან რეკავდნენ. ტელეფონთან ჟიულის სთხოვდნენ. ყურმილი გადავეცი, თან ჟიულის შევცქეროდი… ის თანდათან გაფითრდა, სუნთქვა გაუხშირდა და მიუხედავად ამისა, მაინც საოცარი სიმშვიდით იძლეოდა პასუხებს, განკარგულებებს. შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა, – ლია, მგონი, ისევ დაიწყო ომი აფხაზეთშიო. სასწრაფოდ ჩაიცვა და წავიდა სახელმწიფო მეთაურთან შესახვედრად, დღის სამის ნახევარზე დაბრუნდა. 3 საათზე სოხუმში უნდა გაფრენილიყო. მის სამუშაო ოთახში შევედი, უცებ მომიბრუნდა და მითხრა:
“ლია, ცხოვრებაში ჩვენ ბევრი გაჭირვება გამოვცადეთ და ახლა ესეც უნდა ვნახოთ”. უკვე ვიცოდი, რომ სოხუმი იბომბებოდა. ოთახიდან გავედით. კართან ერთმანეთს დავემშვიდობეთ. გასვლის წინ მითხრა:
“ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია, თუ რაიმე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ”.
ჟიული შარტავა მოახლოებულ აღსასრულს არა მარტო გრძნობდა, არამედ როგორც მწერალი ჯემალ აჯიაშვილი (ბატონი ჟიულის თანაკლასელი) იტყვის: “ამ ნაბიჯისთვის იგი მთელი თავისი ცხოვრება ემზადებოდა. არ შეიძლება ცხოვრების წესი, ჩვეულებები, ხასიათი, შეწირვისთვის მზადყოფნა ერთ დღეში დაიბადოს და ჩამოყალიბდეს.“
საბედისწერო ნაბიჯი იყო? ამას ვერ ვიტყვი. ჟიული თავისი არსით, ცხოვრებით ერის დიდებულ წარსულს იყო შეძერწილი და მოიქცა ისე, როგორც მის ძირსა და გენს ეკადრებოდა. ამ გზისაკენ დიდი წვალებით, შრომით, ტრაგიზმით მიდიოდა”, – ასე იხსენებს წარსულს ლია ჯალაღონია – შარტავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები