“ძვირფასო კოლეგებო, აქ ყველა ვთანხმდებით, რომ ევროკავშირის გაფართოება ერთადერთი სწორი პასუხია იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ჩვენ წინაშე დგას.
ამ მიზნის მიღწევას სჭირდება არსებული გეოპოლიტიკური რეალობის კარგად გაცნობიერება და ევროპული იდეისთვის ბრძოლა”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ბუდაპეშტში, ევროპის საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების შეხვედრაზე განაცხადა.
“ამ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველო ისწრაფვის გახდეს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის სივრცის განუყოფელი ნაწილი და, ამავდროულად, წვლილი შეიტანოს მასში საკუთარი გეოპოლიტიკური უპირატესობებით.
რუკაზე ერთი დახედვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ გავაცნობიეროთ, რამდენ დელიკატურ საკითხზე გვჭირდება ერთად მსჯელობა იმისთვის, რომ საბოლოო მიზნამდე მივიდეთ.
შეუძლებელია, არ დავინახოთ, რა გამოწვევების პირობებში გვიწევს დღეს ბრძოლა საქართველოს სტაბილურობისთვის და იმ წარმატებების მიღწევა, რისი უგულებელყოფაც შეუძლებელია.
რუსული ოკუპაციისა და საქართველოს ორ რეგიონში მისი უკანონო სამხედრო ყოფნის პირობებში, უსაფრთხოების ქოლგის გარეშე გაზრდილ საფრთხეებთან გამკლავება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობა შორეულ ოცნებად არ დარჩეს საქართველოს მოქალაქეებისთვის და ახლო რეალობად იქცეს.
საქართველო, გასული წლის დეკემბრიდან, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მადლობელი ვართ ევროპული საბჭოს ამ გადაწყვეტილებისთვის.
თუმცა, სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.
დაუყოვნებლივ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯები, დავიწყოთ დიალოგი მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი საერთო ინტერესების მისაღწევად და ევროკავშირის გაფართოების წარმატებისთვის, რაც ასევე მნიშვნელოვანია ევროპულ უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.