“უნდა მოხდეს ევროკავშირის გაფართოების პროცესის წარმართვა, მათ შორის, საქართველოს მონაწილეობით” – ბოჭორიშვილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთში იმყოფება.
დეპუტატი მონაწილეობას იღებს შეხვედრაში, რომელშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელები ევროპის გამოწვევებზე მსჯელობენ.
“ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მარტივი რომ არ არის, სწორედ ამის დასტურია ის ათწლეულების გამოწვევა, რაც ევროკავშირის გაფართოების პროცესს ახლავს თან.
მნიშვნელოვანია, რომ, სწორედ წარსული გამოცდილებების გათვალისწინებით და იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელშიც დღეს საქართველოს უწევს სტაბილურობისთვის ბრძოლა, უნდა მოხდეს ახალი რეალობის გაცნობიერება და ევროკავშირის გაფართოების პროცესის წარმართვა, მათ შორის, საქართველოს მონაწილეობით”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.