მერაბ ტურავა – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებულ სარჩელზე: “სამივე სარჩელი გაერთიანდება ერთ წარმოებად”

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შესული პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და დეპუტატების სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და განიხილება,- ამის შესახებ განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა აკეთებს.

„როგორც მოგეხსენებათ, კანონთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია სარჩელები. პირველი სარჩელი შემოიტანა საქართველოს პრეზიდენტმა, სადაც ის ასაჩივრებს კანონის მუხლებს და უთითებს კონსტიტუციის შესაბამის მუხლებს.

მეორე სარჩელი შემოტანილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. თუ არ ვცდები, 121 არასამთავრობო ორგანიზაცია არის და ერთი მედიასაშუალება.

დღეს როგორც გავიგე, მესამე სარჩელი შემოიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში და სარჩელის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები. როგორც თქვენთვის ცნობილია, პარლამენტის წევრთა მინიმუმ 1/5 უნდა უჭერდეს მხარს სარჩელს, ეს არის 30 დეპუტატი. ჩემი ინფორმაციით, ეს არის 1/5-ზე მეტი. სამივე სარჩელი გაერთიანდება ერთ წარმოებად. საქართველოს პრეზიდენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი გაერთიანებულია ერთ წარმოებად. ამასთან დაკავშირებით უკვე არსებობს რეზოლუცია. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრების სარჩელს, ეს სარჩელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იმ ორ სარჩელს შეუერთდება“, – განაცხადა ტურავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები