ლონდონის დიდი ხანძარი – 1666 წელს საცხობში დაწყებული ტრაგედია, რომელმაც ქალაქი მოიცვა

ლონდონის დიდი ხანძარი უდიდესი ხანძარია ინგლისის ისტორიაში, რომელმაც გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონის ცენტრალური ნაწილი მოიცვა და 1666 წლის 2 სექტემბრიდან 5 სექტემბრამდე მძვინვარებდა. ხანძარმა მთლიანად გადაწვა შუა საუკუნეებში აშენებული ქალაქის საქმიანი უბანი სიტი, რომელიც მოქცეული იყო რომაელების მიერ აგებულ ლონდონის კედლის შიგნით. მიუხედავად საშიშროებისა, ხანძარი არ გავრცელებულა ქალაქის არისტოკრატიულ ნაწილში – უესტმინსტერში (სადაც მდებარეობდა ჩარლზ II-ის უაიტჰოლის სასახლე) და გარეუბნების ღარიბული დასახლებების დიდ ნაწილზე.[განადგურდა 13 200 სახლი, 87 ეკლესია, წმინდა პავლეს კათედრალი და სიტის სამმართველო შენობების უმეტესობა; უსახლკაროდ დარჩა ლონდონის 80 000 მცხოვრები. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი მცირე იყო, რადგან, ოფიციალურად, ამ ხანძრით დაღუპვის მხოლოდ ექვსი შემთხვევაა ჩანიშნული. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხანძრის შემდეგ ღარიბი და საშუალო ფენის ადამიანებით დასახლებული ადგილები არ აღწერილა, სადაც, შეიძლება, ხანძარმა თავისი მსხვერპლი ისე დაწვა, რომ მათი პოვნა შენობის ფერფლშიც ვეღარ მოხერხდა. ლონდონის მუზეუმში გამოფენილი თიხის იმ დამდნარი ნაჭრის ანალიზით, რომელიც ხანძრის გაჩენის ადგილ პუდინგ-ლეინზე იპოვეს, დადგინდა, რომ აქ ტემპერატურა 1700 °C-ს აღწევდა.

ხანძარი გაჩნდა ტომას ფარინერის საცხობში, პუდინგ-ლეინზე, კვირას, 2 სექტემბერს, შუაღამიდან ცოტა ხანში და სწრაფად გავრცელდა დასავლეთით, სიტის რაიონში. იმჟამინდელი მთავარი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის გამოყენება და ცეცხლისთვის ხელოვნური ბარიერების მოწყობა, რაც შენობათა ნაწილის დანგრევას გულისხმობდა, უკიდურესად დააყოვნა ლონდონის ლორდ-მაიორმა, ტომას ბლუდვორთმა, რომელმაც ვერ გაბედა რადიკალურ ზომების მიღება. ნგრევის ბრძანება მხოლოდ კვირა ღამით გაიცა, როდესაც საცხობში გაჩენილი ცეცხლი ძლიერ ქარს ცეცხლოვან ქარიშხლად გადაექცია და მიღებულმა ზომებმა ვეღარ შეძლეს ხანძრის შეჩერება. ორშაბათს ხანძარი ჩრდილოეთითაც გავრცელდა და მიაღწია ქალაქის გულს. პარალელურად, ქალაქში გაჩნდა ჭორი, რომ ხანძარს ლონდონში მცხოვრები უცხოელები აჩენდნენ. უსახლკარო მოსახლეობას შიში გაუჩნდა და ამის გამო, მათ ეჭვი მიიტანეს ფრანგებსა და ნიდერლანდელებზე – ინგლისელების იმჟამინდელ მოწინააღმდეგეებზე ინგლის-ჰოლანდიის ომში. იმიგრანტთა ეს ჯგუფები ქუჩაში ძალადობისა და ლინჩის წესით გასამართლების მსხვერპლნი გახდნენ. სამშაბათს ხანძარი გავრცელდა სიტის უმეტეს ნაწილზე, გაანადგურა წმინდა პავლეს კათედრალი, გადალახა მდინარე ფლიტი და დაემუქრა მეფე ჩარლზ II-ის სასახლეს. თუმცა, სწორედ ამ დროს მოხერხდა ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების კოორდინირება, რამაც ხელი შეუშალა ცეცხლის ახალ ადგილებზე გადასვლას. ხანძრის მთლიანად ჩაქრობა, ძირითადად, ორმა ფაქტორმა განაპირობა: ჩადგა აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, ხოლო ლონდონის ტაუერის გარნიზონმა გამოიყენა დენთი, რათა აფეთქებებით შეექმნათ ეფექტიანი ბარიერები ცეცხლის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად.

ცეცხლის გავრცელების რუკა

ხანძრით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები ქვეყნისთვის უზარმაზარი იყო. სასწრაფო ევაკუაციას და დაზარალებულთათვის ახალი საცხოვრებლების მიცემას ხელს აქტიურად უწყობდა მეფე ჩარლზ II, რომელიც უფრთხოდა საკუთრებადაკარგული ლტოლვილების მასობრივ აჯანყებას. მიუხედავად მრავალი ვარიანტისა, ლონდონის რეკონსტრუქცია ჩატარდა არსებითად იმავე ქალაქგეგმარებითა და ქუჩათა წყობით, რაც ხანძრამდე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები