შალვა აფხაიძის დაბადებიდან 130 წელი გავიდა
ცნობილი ქართველი პოეტის, ლიტერატურათმცოდნისა და საზოგადო მოღვაწის, შალვა აფხაიძის, დაბადებიდან 130 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს შალვა აფხაიძის ხსოვნას.
შალვა აფხაიძემ 1913 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე იგი დაბრუნდა სამშობლოში და „ცისფერყანწელთა“ ორდენის აქტიური წევრი გახდა.
ლექსების პირველი წიგნი 1941 წელს გამოსცა. მომდევნო წლებში ამას მოჰყვა კრებულები: „გაზაფხულის მელოდიები“, „გაზაფხულის განთიადები“, „კრიტიკული წერილები“.
აღსანიშნავია შალვა აფხაიძის მონოგრაფიები: „ვერიკო ანჯაფარიძე“, „სანდრო ახმეტელი“, „აკაკი ხორავა“, ასევე, მის მიერ შედგენილი „აფხაზური პოეზიის ანთოლოგია“.
შალვა აფხაიძე გამოირჩეოდა აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობითაც: მუშაობდა განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ ხელოვნების მთავარ კომიტეტში, იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სტამბის დირექტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის მთავარი კონსულტანტი.
შალვა აფხაიძე გარდაიცვალა 1968 წლის 19 თებერვალს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.