მამუკა მდინარაძე: მოქალაქეებს არასწორ წარმოდგენას უქმნიან, თითქოს ევროკავშირი ავტომატურად ნიშნავს კეთილდღეობას – ეკონომიკურად თუ არ გავძლიერდით, ევროკავშირში არავინ მიგვიღებს

არის ერთი მთავარი თემა, რომელზეც არასწორ წარმოდგენას უქმნიან მოქალაქეებს, თითქოს ევროკავშირი ავტომატურად ნიშნავს კეთილდღეობას. რეალურად, პირიქით არის – ეკონომიკურად თუ არ გავძლიერდით, ევროკავშირში არავინ მიგვიღებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ არის კეთილდღეობა და მისი ლოგიკური გაგრძელებაა ევროკავშირის წევრობა.

„არის ერთი მთავარი თემა, რომელზეც არასწორ წარმოდგენას უქმნიან ჩვენ მოქალაქეებს – ევროკავშირი ავტომატურად ნიშნავს კეთილდღეობას. რეალურად, პირიქით არის – კეთილდღეობა არის ერთ-ერთი უპირობო ნიშანი, რომ ჩვენ ევროკავშირის კარი შევაღოთ. რატომ? ჩვენ ეკონომიკურად თუ არ გავძლიერდით ძალიან, ასე მარტივად ჩვენ ევროკავშირში არავინ მიგვიღებს, ანუ არავინ მიიღებს 4000$-იან მშპ-ს ქვეყანას, მთლიანი შიდა პროდუქტი რომ გაქვს 4000$ ერთ სულ მოსახლეზე, ამას ევროკავშირში არავინ მიიღებს, ეს ქვეყანა ჩავიბარეთ ჩვენ, დღეს გადავცდით 8000-ს, მაგრამ კიდევ მეტს, 10-12-ს უნდა გადავცდეთ, იმისათვის, რომ ევროკავშირმა მიგვიღოს და ტვირთად არ დავაწვეთ ევროკავშირს, ამიტომ ჯერ არის კეთილდღეობა და მისი ლოგიკური გაგრძელებაა ევროკავშირის წევრობა. მომავალი ნათელია, ჩვენ ამის გვჯერა და ეს ნათელი მომავალი ჩვენ უნდა შევქმნათ, უთანასწორო ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ და დავარწმუნოთ, როგორც პარტნიორი, როგორც მეგობარი, ასევე ის ძალები, რომლებიც ძალიან გვეჭიდავებიან, რომ საქართველოში უნდა ელაპარაკონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. თუ საქართველოში მიიღება საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები, შემდეგ გაცილებით უკეთ იქნება ყველაფერი ვიდრე დღეს არის და კიდევ უფრო დავლაგდებით ყველასთან ურთიერთობაში“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები