მიხეილ გალუზინი: მოსკოვი ნატოს სამიტში სომხეთის მონაწილეობის გამო სინანულს გამოთქვამს
მოსკოვი ნატოს სამიტში სომხეთის მონაწილეობის გამო სინანულს გამოთქვამს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ერევანმა შეშფოთებების შესახებ კონსტრუქციული დისკუსიის ნაცვლად, სხვა გზა აირჩია.
„რაც შეეხება უსაფრთხოების სფეროს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრად რჩება და სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ სფეროებში მრავალი ორმხრივი შეთანხმების მხარეა. სამწუხაროდ, შეშფოთებების შესახებ კონსტრუქციული დისკუსიის ნაცვლად, ერევანმა სხვა გზა აირჩია“, – განაცხადა მიხეილ გალუზინმა.
ამასთან, მისივე თქმით, „მათთან თანამშრომლობის გაღრმავებით, ვისი მიზანიც რუსეთის „სტრატეგიული დამარცხებაა“, ერევანი საკუთარ უსაფრთხოებას რისკავს.
„ნატოსთან ან ალიანსის ცალკეულ წევრებთან თანამშრომლობის გაზრდას სომხეთი დიდ უპირატესობას ანიჭებს, განსაკუთრებით, ნატოს სტანდარტების დანერგვის, იარაღის შესყიდვის ან ერთობლივი საბრძოლო მომზადების აქტივობების განხორციელების თვალსაზრისით, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის სამიტში მონაწილეობის შესახებ, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარეობს.
ეს ყველაფერი მხოლოდ უკიდურეს სინანულს იწვევს“, – აღნიშნა გალუზინმა.