იენს სტოლტენბერგი: რუსეთი უკრაინაში თავის სასტიკ ომს აგრძელებს – მკაცრად ვგმობ საშინელ თავდასხმებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მკაცრად დაგმო 8 ივლისს რუსი დამპყრობლების მიერ უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმები, რომლებსაც მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები ემსხვერპლა.

როგორც უკრაინული მედია პენტაგონის ვებგვერდზე დაყრდნობით იუწყება, ამის შესახებ სტოლტენბერგმა ვაშინგტონში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრის წინ განაცხადა.

„უკრაინაში რუსეთი აგრძელებს თავის სასტიკ ომს. მხოლოდ დღეს ვნახეთ საშინელი სარაკეტო თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე, კლავენ უდანაშაულო მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს. მე ვგმობ ამ საშინელ თავდასხმებს. სამიტზე ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მისამართით“, – აღნიშნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, რუსეთმა 8 ივლისს უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელა. დაბომბა კიევში ბავშვთა საავადმყოფო, სამშობიარო და სხვა ქალაქები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 30-მდე ადამიანი, ხოლო დაშავებულია 100-ზე მეტი პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები