“ყველაფერი საგულდაგულო შრომის შედეგია, რომელიც მიზანმიმართულად გასწია ფეხბურთის ფედერაციამ და შექმნა სათანადო ნიადაგი” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ეროვნული ნაკრების მიერ ევრო 2024-ზე მიღწეულ წარმატებას კიდევ ერთხელ ეხმიანება.

მინისტრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილსა და მის გუნდს კვლავ მადლობას უხდის.

“26 მარტის გამარჯვების სასტვენის ისტორიული ხმა, რომელიც დიდ ხანს ისმოდა

პირველი კვალიფიკაცია ევროპის ჩემპიონატზე,

პირველი გოლი ევროპაზე,

პირველი ქულა ევროპაზე,

პირველი მოგება,

პირველი მატჩის საუკეთესო მოთამაშე,

ქართველი გულშემატკივრის პირველი უდიდესი სიხარულისა და სიამაყის ემოცია, რომელსაც მთელი ევროპა აღტაცებით შეჰყურებდა.

ვინ მოსთვალოს ღიმილი და სიხარულის ცრემლი, რაც ამ ზაფხულის ზღაპრისას იყო. ბევრი მადლობაც ითქვა და ფეხბურთელების ღვაწლიც სათანადოდ დაფასდა.

ეს ყველაფერი საგულდაგულო შრომის შედეგია, რომელიც მიზანმიმართულად გასწია ფეხბურთის ფედერაციამ და შექმნა სათანადო ნიადაგი, რომელზეც ქართული საფეხბურთო ნიჭი შრომისმოყვარეობასთან, დისციპლინასთან და გამარჯვებულის მენტალიტეტთან შეზავდა.

ეს ვიდეო კი გვახსენებს ბევრ სასიხარულო

მომენტს და გული მხოლოდ იმაზე გვწყდება, რომ ამან უკვე ჩაიარა.

მინდა, არ გამოგვრჩეს ადამიანი, რომელიც უხმაუროდ, სადად და თავმდაბლურად კულისებიდან დირიჟორობდა ნაკრების საფეხბურთო სიმფონიას. ალბათ ყველას გაგახსენდებათ ლევან კობიაშვილის ფოტო პორტუგალიასთან გამარჯვების შემდგომ, რომელიც ყველაზე მეტად აღწერს ადამიანის ბუნებას, რომელმაც ყველაფერი ჩადო გამარჯვებაში.

მადლობა კობის და მის გუნდს, რომელმაც ურთიერთობები სისადავესა და სიხალასეზე დააფუძნა, რაც ყველა წვრილმანში ვლინდება.

ბევრი გამარჯვება წინაა”, – წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები