თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი ხვალ დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 8 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი კატეგორიის აპლიკანტები:

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);

მარტოხელა მშობლის შვილი (შვილები);

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები) ან/და ნაშვილები;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;

ბავშვი იმ ოჯახიდან, რომლის შვილი (შვილები) სარგებლობს იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);

თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.

„სსსმ ბავშვებისა და სამხედრო მოსამსახურეთა შვილების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგი ელფოსტის მისამართზე: registracia2025@gmail.com. ყველა სხვა კატეგორია რეგისტრირდება ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge.

მშობელს, რომელიც ვერ ახერხებს ბავშვის რეგისტრაციას, შეუძლია დახმარებისთვის მიმართოს ბაღის ადმინისტრაციას.

ბავშვის რეგისტრაციის გადასამოწმებლად, მშობლები უნდა დაუკავშირდნენ კონკრეტული ბაღის ადმინისტრაციას“, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები