თეა წულუკიანი საქართველო-ფიჯის შეხვედრას დაესწრო
ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე”, 2024 წლის ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ფიჯის ნაკრებს უმასპინძლა. „ბორჯღალოსნებმა” შეხვედრა ანგარიშით 12:21 დათმეს.
შეხვედრა მე-3 წუთზე ლუკა მატკავას გატანილი ჯარიმით გაიხსნა. პირველი ტაიმი ფიჯის ნაკრების სასარგებლოდ 13:9 დასრულდა. მეორე ტაიმიც სტუმრების უპირატესობით წარიმართა, შედეგად, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ანგარიშით 12:21 დათმო.
საქართველო-ფიჯის მატჩს საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი კობახიძე და კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი ესწრებოდნენ. ზაფხულში ეროვნული ნაკრები კიდევ ორ შეხვედრას გამართავს – 13 ივლისს იაპონიის, 20 ივლისს კი ავსტრალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
„ბორჯღალოსნები” ფიჯის ნაკრებს მერვედ შეხვდნენ. საქართველოს ნაკრებმა ერთ მატჩში იმარჯვა, ექვსი შეხვედრა დათმო, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა.