ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 800 ლარით დაჯარიმდა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 800 ლარით დააჯარიმა. ამის მიზეზი სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გახდა. როგორც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ყოფილი თანამშრომლის იური საროკინის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა 2014 წლის 9 სექტემბერს თეატრიდან წერილობით გამოითხოვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. დავით კინწურაშვილმა კანონი დაარღვია და საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტაცია სახალხო დამცველის აპარატს არ მიაწოდა. საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონი ადგენს, რომ მასალა, საბუთი, სხვა ინფორმაცია და ახსნა-განმარტება საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს მოთხოვნის მიღებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალა, საბუთი და სხვა ინფორმაცია მოთხოვნილია წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში საბუთი და სხვა ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს 10 დღის ვადაში. კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველმა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო სამხატვრო ხელმძღვანელის მიმართ ადმინისტრაციული წესით სანქციის გამოყენება მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები