ადამიანი რენტგენი – „ყველა დაავადებას თავისი კონკრეტული ფერი აქვს“  

 ახალგაზრდა გიორგი ხუნზახიშვილმა დაახლოებით ათი წლის წინ აღმოაჩინა, რომ უნიკალურ უნარებს ფლობს. თუ რა ფენომენთან გვაქვს საქმე, მკითხველი თავად გიორგისგან შეიტყობს. 

– გიორგი, მოდი, მოკლედ გააცანი მკითხველს, რა უნარები გაქვს და რაში იყენებ.
– მე აღვიქვამ ადამიანის აურას. ვხედავ შინაგანი ორგანოების ფერს და ამის მიხედვით შემიძლია დავადგინო ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
-აგვიხსენი, რას ნიშნავს აურა და რას გამოხატავს შინაგანი ორგანოების ფერები. ამის შესახებ, ალბათ, საკმაო ინფორმაცია გექნება მოძიებული.
– ადამიანს ფიზიკური სხეულის გარდა გააჩნია არაფიზიკური სხეულები. ასეთი სულ შვიდია. ჩემი დაკვირვებებით, თითოეული სხეული ვიბრირებს გარკვეულ სიხშირეზე. სწორედ ამ სიხშირეს აღვიქვამ ფერების სახით. ასევე ყველა ორგანოს გააჩნია თავისი სიხშირე, რაც მერყეობს დაავადების მიხედვით. სწორედ ეს განაპირობებს ფერების ცვალებადობას.
– როდის მიხვდი, რომ სხვებისგან განსხვავდებოდი?
– როცა ადამიანს ვუყურებდი, ვხედავდი ფერებს და მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ სხვები იგივეს ვერ ამჩნევდნენ. ამიტომ ხშირად ვერ მიგებდნენ. როცა მეგობრებს ვეუბნებოდი, რომ მათ გარშემო ჩანდა ფერები, ამას ჩემს ფანტაზიად თვლიდნენ, ან ეგონათ, რომ ფსიქიკური დარღვევა მქონდა. ამან განაპირობა, რომ ამ თემაზე ბევრს არ ვლაპარაკობდი. ბევრი რამ არც კი ვიცოდი და ინფორმაციის ნაკლებობას განვიცდიდი. თუმცა შემდეგ ინტერნეტის დახმარებით გავიცანი რამდენიმე ადამიანი, ვინც გამარკვია ისეთ საკითხებში, რაც ყოველთვის მაინტერესებდა – რა არის ბიოენერგეტიკა, აურა, ჩაკრები, არატრადიციული მედიცინის მეთოდები, დაავადების წარმოშობის ენერგო-ინფორმაციული მიზეზები და სხვა.
– უფრო კონკრეტულად, როგორ აღიქვამ დაავადებულ ორგანოს? მაგალითად, თუ ადამიანს სიმსივნური დაავადება აქვს.
– მე ვიცი ჯანმრთელი ადამიანის ორგანოების ფერი. სწორედ ამის მიხედვით შემიძლია განვსაზღვრო. მაგალითად, თუ ადამიანის ფილტვს ნაცრისფრად ვხედავ, ეს იმის მაუწყებელია, რომ ამ ორგანოზე სიმსივნური დაავადება სჭირს.
– მაგრამ ფილტვზე თუ სხვა სახის დაავადება აწუხებს, მაშინაც ნაცრისფერი იქნება?
 – არა. ყველა დაავადებას თავისი კონკრეტული ფერი აქვს და ფერთა ტონალობაც ავადმყოფობის სტადიების მიხედვით იცვლება.
– ისეთი შემთხვევა გქონია, რომ შენი დიაგნოზი არ გამართლებულა?
– მე შეიძლება დავინახო, რომ ადამიანს რომელიმე ორგანო წესრიგში არ აქვს და ამის შესახებ ვუთხრა. თუმცა მან შეიძლება მიპასუხოს, რომ არ აწუხებს და არც არასოდეს შეუწუხებია. უბრალოდ, იმ პერიოდში ფიზიკურ დონეზე სიმპტომები ჯერ არ აღენიშნება, შეიძლება არც ანალიზებში გამოჩნდეს რამე, მაგრამ ენერგეტიკულ დონეზე ვხედავ, რომ პროცესი დაწყებულია და შეიძლება ავადმყოფობა რამდენიმე წლის შემდეგ გამოუვლინდეს. ამიტომ ჩემს ნათქვამს ყურადღება უნდა მიაქციოს.
– გამოდის, რომ შეგიძლია დიაგნოსტირება. მკურნალობ კიდეც?
– ვმკურნალობ, მაგრამ იშვიათად.
– რატომ იშვიათად?
 – ასაკიდან გამომდინარე, ზოგი სკეპტიკურად მიყურებს. პაციენტები მეტწილად ჩემი მეგობრები და ახლობლები არიან. თუ ჩემთან უცხო ადამიანები მოდიან, მიწევს ერთი და იგივე დამღლელ კითხვებზე პასუხის გაცემა. შეიძლება ითქვას, მცდიან, ხოლო როცა ზუსტად ვეუბნები ინფორმაციას მათი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ, გაოგნებულები რჩებიან.
– მკურნალობისას რა მეთოდებს იყენებ?
– მართალია მკურნალობის მეთოდებს ჯერჯერობით საფუძვლიანად არ ვფლობ, მაგრამ ნელ-ნელა ვსწავლობ. ვმკურნალობ აკუპუნქტურულ წერტილებზე ზემოქმედებით. ასევე ვიყენებ რეიკის სამკურნალო სისტემას.
– რატომ აირჩიე მკურნალობის ეს არატრადიციული მეთოდები და როგორ უყურებ ტრადიციულ მედიცინას? ხომ არ აპირებ განათლება სამედიცინო კუთხით მიიღო?
-არატრადიციული მედიცინა საკმაოდ ეფექტურია, რადგან მისი მეთოდებით ყურადღება გადატანილია დაავადების არა შედეგის, არამედ მიზეზის აღმოხვრაზე. ჩვენ თუ შედეგს ვუმკურნალებთ, მიზეზი არ გაქრება და ბოლოს თავს მაინც გამოავლენს. როგორც აღვნიშნე, ვემხრობი არატრადიციულ მედიცინას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტრადიციული სამედიცინო განათლება მაინც საჭიროა. ელემენტალურად ადამიანის ანატომია ხომ უნდა ვიცოდე.
– თუ გაგიგია, რომ მსგავსი რამ სხვა ადამიანებსაც შეუძლიათ, ან იქნებ ასეთ ფენომენს მეცნიერებამ სახელიც მოუძებნა?
– ჩემნაირ რამდენიმე ადამიანს ვიცნობ. ადამიანის აურის ფერებს ისინიც აღიქვამენ. ასევე წამიკითხავს ამ ფენომენის შესახებ, რომელსაც მეცნიერება იკვლევს სინესთეზიის სახელით. მაგრამ ის სრულად შესწავლილი არ არის. სამეცნიერო სტატისტიკის თანახმად, ოცდაათი ათას ადამიანზე ერთი სინესთეზი მოდის.
– გიორგი, ხარ 18 წლის სიმპათიური ბიჭი, დიდ ცხოვრებას ახლა იწყებ. როგორ ფიქრობ, ხომ არ არსებობს იმის საშიშროება, რომ სხვა ტიპის გატაცებებმა და მისწრაფებებმა შენი უნარების რეალიზაციას გარკვეულწილად ხელი შეუშალოს? ამაზე თუ გიფიქრია?
– მართალი გითხრათ, არ მიფიქრია. ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ და ზუსტად ვერ გეტყვით, მომავალში რას გავაკეთებ, განვავითარებ ჩემს შესაძლებლობებს თუ ცხოვრებაში სხვა გზას ავირჩევ. ახლა ისეთ ასაკში ვარ, რომ თავში არაერთი გეგმა მიტრიალებს, ამიტომ გადაჭრით რამის თქმა მიჭირს. შეიძლება ხუთი წლის შემდეგ სხვანაირად ვიფიქრო. დრო გვიჩვენებს. ისე კი გეტყვით, რა თქმა უნდა, მაინტერესებს ეს ფენომენი და მინდა ამით სხვა ადამიანებსაც დავეხმარო. ეს კი ჩემთვის ყოველთვის დიდი სტიმული იქნება.
– ცხოვრებაში სხვა რა ინტერესები გაქვს?
– მე არ ვთვლი, რომ სხვა მხრივ ვინმესგან გამოვირჩევი. ვარ ჩვეულებრივი ბიჭი, მიყვარს მეგობრებთან ერთად გართობა, მუსიკა და მოგზაურობა. ვცდილობ ცხოვრებაში არაფერს ჩამოვრჩე.

 

ჟურნალი “ასტრო News”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები