კახა ჭუმბურიძე: ამ მატჩმა დაგვანახა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნოდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში, მათ შორის, საქართველოს ნაკრებს და ამის გამო ძალიან იმედიანად ვართ
რა თქმა უნდა, თამაშის შემდეგ ვიყავით გულდაწყვეტილები, მაგრამ ძალიან იმედიანად, რადგან ამ მატჩმა დაგვანახა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნოდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში, რომელიმე ნაკრებს, მათ შორის, საქართველოს ნაკრებს და ამის გამო ძალიან იმედიანად ვართ, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიაში აჟღერდა საქართველოს ჰიმნი, გავიდა პირველი ისტორიული გოლი და ამით ამაყები არიან.
„ველოდებით მომავალ მატჩს. გულდაწყვეტილები ვახსენე, გულდაწყვეტილობის დრო ბევრი არ გვაქვს, რადგან სულ რამდენიმე დღეში ჩეხეთთან თამაში გველოდება და გუნდი უკვე დღეს შუადღემდე ისვენებდა, შუადღის შემდეგ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, ხოლო მატჩამდე განწყობა იყო საოცარი მართლაც. თვითონ ამ ქალაქში, სადაც გუნდი იმყოფება, ფელბერტში, თავს ვგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში. მოგეხსენებათ აქ ბევრი თურქი ცხოვრობს, გუშინდელ მატჩში, რა თქმა უნდა, უგულშემატკივრებდნენ, მაგრამ მოდიოდნენ და გამოთქვამდნენ ჩვენს მხარდაჭერას სხვა დანარჩენ მატჩებში და გვისურვებდნენ წარმატებას.
ის, რაც სუფევდა გერმანიის ქალაქებში, ეს იყო საოცარი. ეს იყო ის შედეგი, რასაც წლების განმავლობაში ელოდა არაერთი თაობის ქართველი გულშემატკივარი.
ტელევიზიით და სოციალური არხებით რასაც ვუყურებდით და ვხედავდით, რა ხდებოდა საქართველოს ქალაქებში, მინდა მადლობა ვუთხრა ყველას ვინც ორგანიზება გაუკეთა თბილისსა და სხვა ქალაქებში ჩვენს გულშემატკივარს, რომელსაც, მიუხედავად მრავალი კილომეტრის დაშორებისა, შესაძლებლობა მიეცა, რომ თავი ეგრძნო გუნდთან ახლოს და ეგულშემატკივრათ ერთობლივად, ეს იყო საოცარი კადრები, რომელიც ჩვენ ვნახეთ“, – აღნიშნა ჭუმბურიძემ.