გენადი არველაძე: სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ევროპის მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ევროპის მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტების ასოციაციის (EURAMET) სრულუფლებიანი წევრი გახდა, რაც ადასტურებს სააგენტოს საქმიანობის საერთაშორისო აღიარებას მეტროლოგიის სფეროში.

„ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის ინსტიტუციების ევროპულ ორგანიზაციებში გაწევრიანება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობაა. ამდენად, EURAMET-ის მიერ საქართველოს სრულუფლებიან წევრად მიღება წინ გადადგმულ ნაბიჯია ამ მიმართულებით და ქმნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს მეტროლოგიის სფეროში. ეს გადაწყვეტილება შედეგია მრავალწლიანი სტრუქტურული რეფორმებისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეშვეობით ევროინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში ახორციელებს,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტომ EURAMET-ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მინიჭებამდე სხვადასხვა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. ასოციაციაში გაწევრიანების პროცესი 2022 წელს ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭებით დაიწყო. 2023 -2024 წლებში EURAMET-ის ექსპერტების მიერ წარმატებით ჩატარდა სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის გარე აუდიტი (peer-review) და შეფასების საფუძველზე სააგენტოს დაუდასტურდა დანერგილი ხარისხის მენეჯმენტის სისტემისა და გაზომვების სხვადასხვა მიმართულებების (ელექტრული გაზომვები, ტემპერატურა-ტენიანობა, მასა, მცირე მოცულობა, წნევა, დოზიმეტრია და სიგრძე) საერთაშორისო აღიარება სტანდარტის ISO/IEC 17025:2017 მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან იგი მონაწილეობდა EURAMET-ის ფარგლებში გამართულ ლაბორატორიათაშორისო შედარებებში, რაც სხვა მიღწევებთან ერთად გათვალისწინებულ იქნა სტატუსის მინიჭების პროცესში.

პროცესი მიმდინარეობდა ევროკავშირის დაძმობილების (TWINNING) პროექტის “საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად” მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები