ვიქტორ ორბანი: ბრიუსელის ბიუროკრატებისთვის არალეგალი მიგრანტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი ევროპელი მოქალაქეები
ბრიუსელის ბიუროკრატებისთვის არალეგალი მიგრანტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი ევროპელი მოქალაქეები – ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უნგრეთი 200 მილიონი ევროთი დაჯარიმდა.
„ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, დააჯარიმოს უნგრეთი 200 მილიონი ევროთი, პლუს 1 მილიონი ევროთი დღეში ევროკავშირის საზღვრების დასაცავად, აღმაშფოთებელი და მიუღებელია. როგორც ჩანს, არალეგალი მიგრანტები უფრო მნიშვნელოვანია ბრიუსელის ბიუროკრატებისთვის, ვიდრე საკუთარი ევროპელი მოქალაქეები“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მიგრაციული პოლიტიკის ფარგლებში დაკისრებული ზომების შეუსრულებლობისთვის უნგრეთი 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა.
დადგენილი ზომების შესრულების ვადაგადაცილების თითოეულ დღეს უნგრეთს 1 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.