სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისს დაიწყება და ივლისის თვეში დასრულდება.

„ეს არის რუსთაველის გამზირიდან პავლე ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებული მონაკვეთი. პროექტის ფარგლებში შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია.  მიწისქვეშ მოეწყობა კაბელ-არხები,  სადაც საჰაერო ელექტროსადენები განთავსდება, მოწესრიგდება ტროტუარები და სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება. გარდა ამისა, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი LED  სანათებით”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 9 აპრილისა და მიმდებარე ქუჩებზე შეიცვლება საავტომობილო მოძრაობის სქემაც.

„სამუშაოების მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ამასთან, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალება ავტომობილების პარკირება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორმხრივად, ხოლო ჩიტაძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით”, – განაცხადა თბილისის მერმა.