ზურაბიშვილთან შეხვედრა, ახალგაზრდების ნაწილმა, პროტესტის ნიშნად დატოვა
საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან დაგეგმილი შეხვედრა ახალგაზრდების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც ისინი აღნიშნავენ, კრიტიკული შეკითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ.
“სამწუხაროდ, არ მომეცა კითხვის დასმის საშუალება. დადგმული ფორმატი იყო თუ რა იყო, არ ვიცი, როგორი დემოკრატიაა, ისიც არ ვიცი; მე პირადად ჩრდილოეთ კორეაში მეგონა თავი. ამის გამო, პროტესტის ნიშნად, შეხვედრა დავტოვე. რაც შეეხება ჩემს შეკითხვას – მინდა, ქალბატონ პრეზიდენტს ვუთხრა, თუ საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის მოქმედი კანონპროექტი, რატომ არ უქმნის ის საფრთხეს საფრანგეთის დემოკრატიას, რომლის მოქალაქეც სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად არის”, – აცხადებს სტუდენტი, გიორგი ტატიშვილი.
ამავე შეხვედრაზე, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ლაზარე გრიგორიადისი სტუდენტს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ამის მიზეზი ზურაბიშვილის მიმართ დასმული კრიტიკული შეკითხვა გახდა. მანამდე, გრიგორიადისმა სალომე ზურაბიშვილს შეწყალებისთვის მადლობა გადაუხადა.