რევაზ ინანიშვილის მშობლიურ სოფელ ხაშმში „რეზოობის” სახალხო დღესასწაული გაიმართა
რევაზ ინანიშვილის მშობლიურ სოფელ ხაშმში, მისი დაბადებიდან 98 წლის საიუბილეოდ, მისივე სახელობის სახლ-მუზეუმში, „რეზოობის” სახალხო დღესასწაული გაიმართა, რომელიც 2016 წლის 10 ივნისს დაწესდა და ყოველწლიურად ტარდება.
საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების ინფორმაციით, სოფელ ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღევლინა რევაზ ინანიშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, შემდეგ, კი მისივე სახელობის სახლ-მუზეუმში მწერლის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ადგილობრივებთან ერთად, ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რეზო ინანიშვილის ოჯახის წევრები, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები, მწერლები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოვიდნენ: ტარიელ ხარხელაური, თემურ ჯაგოდნიშვილი, ვანო ჩხიკვაძე, თამარ შაიშმელაშვილი, ლია მამულაშვილი, ივანე ჯაფარიძე, ბაღათერ არაბული, თამაზ ხმალაძე და სხვები. ასევე – რევაზ ინანიშვილის შვილიშვილი – რევაზ ინანიშვილი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სოფ. ხაშმის რევაზ ინანიშვილის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეები, კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები: „ბერიკაცები” (ხელმძღვანელი ნიკო გიგოშვილი) და „პატარა გარეჯელები” (ხელმძღვანელი ბექა ღვინაშვილი). ანსამბლი „მირელა” (ხელმძღვანელი მარინა ურდულაშვილი).
ღონისძიების ორგანიზატორი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია და ა (ა)იპ კულტურის ობიექტების გაერთიანება იყო.