მე ვიქნები იქ, სადაც საჭირო ვიქნები, სადაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ჩვენ მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ძალიან ბედნიერი და ამაყი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას ახალგაზრდების მხარდაჭერა ექნება.
„დავიწყებ პირველი კითხვით, შემდეგ არჩევნებში თუ მივიღებ მონაწილეობას, თუკი კონსენსუსი იქნება. ჯერ ერთი, არ ვიცი, ვისი კონსენსუსი უნდა იყოს, ეს იქნება იმ პარტიების, რომლებიც ხელს აწერენ ქართულ ქარტიაზე ალბათ, თუ საზოგადოებაში რაღაც ფორმით გამოხატული კონსენსუსი. არაერთხელ მაქვს ნათქვამი და გავიმეორებ, მე ვიქნები იქ, სადაც საჭირო ვიქნები, სადაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ჩვენ მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე. და ჩემთვის ამ საქმის ბოლომდე მიყვანა არის ერთი მხრივ, ჯერ გამარჯვება არჩევნებში, შემდეგ ამ ქარტიის შესრულება ძალიან მოკლე დროში, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაც შეიძლება, ამბობდეს, ამას დიდი დრო უნდა – არ უნდა, ეს გადამოწმებულია და უნდა შევძლოთ, რადგან მე მინდა, ვიყო ის ადამიანი, რომელიც დაიცავს ამ შედეგს, მიიტანს ბრიუსელამდე და მიიღებს დასტურს, რომ ჩვენ გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს. ეს იქნება პრეზიდენტის როლში თუ სხვა როლში, ამას მომავალი გვიჩვენებს. მე ყველაფრისთვის მზად ვარ და ვიქნები. და თუ ვიქნები თქვენი კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.