ენტონი ბლინკენი ღაზაში მყოფი ამერიკელი მძევლების ოჯახებს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ღაზაში მყოფი ამერიკელი მძევლების ოჯახებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„მე შევხვდი ღაზაში ამერიკელი მძევლების ოჯახებს. ნებისმიერი ჩვენგანისთვის რთულია მათ ადგილას თავის დაყენება და იმის შეგრძნება თუ რას გრძნობენ ამდენი თვის განმავლობაში.
შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა წარადგინა, არის საუკეთესო გზა მძევლების დასაბრუნებლად. გაეროს უშიშროების საბჭომ მთელი საერთაშორისო საზოგადოების სახელით გამოსვლისას ნათლად აჩვენა, რომ ეს არის ის, რაც მსოფლიოს სურს“, – აღნიშნა ბლინკენმა.
ინფორმაციისთვის, გაეროს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც „ჰამასს” მოუწოდებს, დაეთანხმოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ სამ ეტაპიან წინადადებას მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რეზოლუციას მხარი საბჭოს თოთხმეტმა წევრმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ არცერთი არ წასულა. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, რუსეთი იყო.