ანსამბლ „მართვეს” 46 წლისადმი მიძღვნილ სოლო კონცერტს რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა

კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს” 46 წლისადმი მიძღვნილი სოლო კონცერტი, რომელსაც რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზმა უმასპინძლა.

ღონისძიებაში „მართვეს” სიმღერისა და ცეკვის გაერთიანებული საკონცერტო შემადგენლობა მონაწილეობდა. ღონისძიებაში „მართვეს” სიმღერისა და ცეკვის გაერთიანებული საკონცერტო შემადგენლობა მონაწილეობდა. კონცერტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბიჩიძე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, ანსამბლ „რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი დავით შანიძე, ფონდ „ქართული გალობის” დამფუძნებლები და ხელმძღვანელები ნანა გოთუა და ვანო ჩხარტიშვილი, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე ლალი სეთურიძე, „მართვეს” აღზრდილი მომღერლების უფროსი თაობის წარმომადგენლები, ხალხური სიმღერის შემსრულებლები, ეთნომუსიკოლოგები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საზეიმო ღონისძიება კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის, ვიდეომიმართვით გაიხსნა, რომელშიც მან პატივი მიაგო ანზორ ერქომაიშვილის უდიდეს ღვაწლს ქართული ხალხური სიმღერის გადარჩენასა და შენარჩუნებაში, ასევე, რამინ მიქაბერიძის, კოტე მშვიდობაძის, ნათელა ჯიღაურისა და ალდონა ერქომაიშვილის წვლილს ამ უდიდეს საქმეში. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია 2021 წლის ინიციატივა „მართვეს” ცალკე ორგანიზაციად ჩამოყალიბების თაობაზე, რაც მას საშუალებას აძლევს სწრაფად განვითარდეს და მეტმა ბავშვმა მიიღოს მონაწილეობა ანსამბლის საქმიანობაში.

ღონისძიებაში „მართვეს” სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ანსამბლმა საკონცერტო რეპერტუარის გამორჩეული სიმღერები და სიმღერისა და ცეკვის გაერთიანებული ნომრები შეასრულა.

46 წლის განმავლობაში „მართვემ” მდიდარი რეპერტუარით დიდი და საინტერესო შემოქმედებითი ბიოგრაფია შეიქმნა. ანსამბლმა არაერთი თაობა აღზარდა და სრულად შეცვალა საზოგადოებაში ეროვნული საგანძურის – ქართული ხალხური სიმღერისადმი დამოკიდებულება. ახალგაზრდობამ დაიწყო სიმღერის შესწავლა და შესრულება.

ინფორმაციისთვის: ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე” 1978 წელს თბილისის განათლების სამმართველოს ბავშვთა საერთაშორისო ფოლკლორული ცენტრის ბაზაზე დიდი ქართველი მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის, და წარსულში ამავე ცენტრის დირექტორის, ნათელა ჯიღაურის, ინიციატივით შეიქმნა.

XX საუკუნის 70-80-იან წლებში მწვავედ დაისვა მომავალი თაობისთვის ეროვნული სამუსიკო კულტურისადმი ჭეშმარიტი ინტერესის გაღვივების საკითხი. 1976 წელს დაიბადა იდეა, შექმნილიყო ბიჭუნათა გუნდი და ამ მიზნით მოიწვიეს თვალსაჩინო ლოტბარები რამინ მიქაბერიძე და აწ განსვენებული კოტე მშვიდობაძე.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს კულტურის სამინისტროს ინიციატივით ანსამბლ „მართვეს” დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა და სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლად ჩამოყალიბდა.

ანსამბლი „მართვე” არაერთი სახელმწიფო პრემიისა და საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. ანსამბლის შესახებ შექმნილია მუსიკალური ფილმი „მღერის „მართვე””, მის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემულია წიგნი, 2011 წელს კი დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა „მართვეს” ვარსკვლავი.

ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები