ბექა ოდიშარია სანქციებზე: ვისურვებდი, რომ უბრალოდ დაცხრეს ვნებები და ფორმატი იყოს დიალოგის

ვისურვებდი, რომ უბრალოდ დაცხრეს ვნებები და ფორმატი იყოს დიალოგის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სანქციებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი ელჩის მიმართ დიდი ოპტიმიზმით არიან განწყობილი.

„სანქციები, რა თქმა უნდა, ძალიან მაწუხებს, ზოგადად, განცხადების დონეზეც კი მაწუხებს იმიტომ, რომ მეგობრებსა და პარტნიორებს შორის მუქარა, უკვე გაფუჭებულია ნახევარი საქმე ხომ? შესაბამისად, მე ვისურვებდი, რომ უბრალოდ დაცხრეს ვნებები და ფორმატი იყოს დიალოგის. თუ ვინმეს ჩვენთან დიალოგი უნდა და თუ უბრალოდ კედელთან არ გვაყენებს და საფეთქელთან იარაღს არ გვადებს, როგორც ამას საბჭოთა კავშირის დროს ახერხებდნენ პოლიტბიუროს წევრები. ქართველი კაცი ყველანაირ გაჭირვებას შეიძლება დაყვეს, მოითმინოს, მაგრამ უსამართლობას ვერ იტანს და ჩვენ ახლა მხოლოდ ვითხოვთ სამართლიანობას. ვითხოვთ დემოკრატიულ მიდგომას“, – აღნიშნა მან.

ამასთან, ბექა ოდიშარია კონგრესში გამართულ მოსმენას გამოეხმაურა და მას წარმოუდგენელი უწოდა.

„იწვევენ ორ მოღალატეს, დაფინანსებულ სუბიექტს და ერთ ნულ პროცენტიან, აბსოლუტურ მასხარას, ბოდიშს ვიხდი ყველა პროფესიონალ მასხარასთან და ჯამბაზთან, შალვა ნათელაშვილს. ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია? დავიჯერო აშშ-ს ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსებს არ ესმით ან ინფორმაცია არ აქვთ? დავიჯერო, რომ ეს არის ტექნიკური პერსონალის და სტაფის პრობლემა რომ არ აწვდიან?

როგორ შეიძლება ამ სამეულისგან, ამ „ტროიკისგან“ შემდგარმა კონგლომერატმა საქართველოს გამოუტანოს განაჩენი. ამ კაცმა, მაგალითად, სახლში რომ იყაროს კენჭი, დარწმუნებული ვარ მეორე ადგილზე გავა“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები