დანიის პრემიერ-მინისტრს თავს დაესხნენ
დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენში თავს დაესხნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრზე, მაგნუს ჰეინიკეზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, თავდამსხმელი მამაკაცია, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.
„დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს დღეს კოპენჰაგენში, კულტორვეტზე კაცი დაესხა თავს და სცემა. მეტე თავდასხმით შოკირებულია. ჩვენს ლამაზ, უსაფრთხო და თავისუფალ ქვეყანაში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ ერთმანეთსა და იმ ღირებულებებზე, რომლებზეც ჩვენი ქვეყანაა აგებული. პოლიციამ თავდასხმისთვის მამაკაცი დააკავა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე. მიუხედავად პოლიტიკური უთანხმოებისა, საარჩევნო კამპანიისა და ა.შ. ეს მიუღებელია. ვაჩვენოთ, რომ დანია ბევრად უკეთესია“, – წერს მაგნუს ჰეინიკე X-ზე.