უკრაინის პრემიერი: ენერგეტიკის სექტორში ძალიან მძიმე ვითარებაა – რუსეთმა ელექტროენერგიის გამომუშავების სიმძლავრის 50% გაანადგურა
უკრაინამ დაბომბვის შედეგად ელექტროენერგიის გამომუშავების სიმძლავრის 50% დაკარგა და მთავრობა მუშაობს მის აღდგენაზე, რათა ზამთრამდე ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი გამომუშავება, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ეროვნული ტელემარათონის, „United News“-ის ეთერში განაცხადა.
„ძალიან მძიმე ვითარებაა ენერგეტიკის სექტორში, რუსეთმა გაანადგურა ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავების სიმძლავრის 50%. დღეის მდგომარეობით, ჩვენ დავკარგეთ 9.2 გიგავატი ელექტროენერგია სარაკეტო და დრონების შეტევის გამო, რაც ჩვენი სიმძლავრის ნახევარია, რაც, მაგალითად, გასულ ზამთარში გვქონდა. გასულ ზამთარს 42 ბლოკი განადგურდა, დიდი თბოელექტროსადგურების 27% ფუნქციონირებს, 73% განადგურდა ან დაზიანდა და დღეს არ მუშაობს“, – აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.