ხორვატიაში ევროპარლამენტის არჩევნები 9 ივნისს გაიმართება
ხორვატიაში ევროპარლამენტის არჩევნები 9 ივნისს გაიმართება.
ხორვატიას ევროპარლამენტში მხოლოდ 12 წარმომადგენელი ეყოლება.
2019 წელს ამომრჩეველთა ყველაზე ნაკლები რაოდენობა ხორვატიაში იყო. წელსაც დაბალ მაჩვენებელს ელიან. პროგნოზის მიხედვით, ხორვატიაში კვირას დაგეგმილ არჩევნებზე ისეთივე დაბალი აქტივობა იქნება, როგორიც ხუთი წლის წინ იყო.
მემარჯვენე-ცენტრისტულმა ხორვატიულმა დემოკრატიულმა კავშირმა მაისში მემარჯვენე პარტია „სამშობლოს მოძრაობასთან“ ერთად ჩამოაყალიბა მთავრობა. ხორვატია, ისევე როგორც ევროპის მრავალი ქვეყანა, მარჯვნივ გადაიხარა. მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მემარჯვენე პარტიები არ შევლენ ევროკავშირის პარლამენტში.
პოლიტიკური ანალიტიკოსი დარიო ჩერეპინკო ამბობს, რომ დიდი ალბათობით, ევროკავშირის არჩევნებში ხორვატია მემარჯვენე პოლიტიკისკენ არ გადაიხრება. მისი აზრით, მემარჯვენეებიდან მანდატს მხოლოდ ერთი ან მაქსიმუმ ორი კანდიდატი მოიპოვებს. შესაბამისად, ხორვატია შეინარჩუნებს თავის ცენტრისტულ პოზიციას.
ინფორმაციისთვის, ხორვატიაში ხმის მიცემა კვირას, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყება. საარჩევნო უბნები იმავე საღამოს დაიხურება. ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, საღამოს 7 საათზე გამოქვეყნდება.