თეა წულუკიანი – სავიზო შეზღუდვებზე: მათი მთავარი მიზანია, რომ ერი დარჩეს დაუცველი და ხელისუფლებაში მოვიდეს ის, ვინც ზის „ვივამედში“ და რომელსაც როცა ეტყვიან ადექიო – ადგება, ეტყვიან დაწექიო – დაწვება, ეტყვიან იფორთხეო – იფორთხებს
კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს შეცდომა უწოდა.
მინისტრი იმედოვნებს, რომ ეს შეცდომა გამოსწორდება. მისი თქმით, სავარაუდოდ, სანქციების დაწესების მიზანია, ამომრჩეველი საკუთარ მთავრობაზე გააბრაზონ და მთავრობა მარტო დარჩეს.
„თქვენ ვერ დაადებთ ხელს დღეს ვერც ერთ მმართველს ვერც მთავრობაში, ვერც საპარლამენტო უმრავლესობაში, რომელსაც თვითმიზნად ჰქონდეს თვითგვემა. თუ თქვენ მიხვალთ არჩევნებზე და არ მოგვცემთ ხმას, არ მგონია, რომ ამის გამო ხელისუფლებაში ვინმე ტირილს დაიწყებს. ჩვენ არ ვართ ჩაბღაუჭებული ხელისუფლებას. თუ აგვირჩევთ, ვიქნებით, თუ არ აგვირჩევთ, არ ვიქნებით. ეს არის ანაბანა იმ დემოკრატიის, რომელზეც გვითხრეს, რომ არ გაქვთო. მათი მთავარი მიზანია, რომ ერი დარჩეს დაუცველი და ხელისუფლებაში მოვიდეს ის, ვინც ზის „ვივამედში“ და რომელსაც როცა ეტყვიან ადექიო – ადგება, ეტყვიან დაწექიო – დაწვება, ეტყვიან იფორთხეო – იფორთხებს, იძახებს ბევრ სისულელეს და გააკეთებს სხვის საქმეს. არ მგონია, რომ ის ერი, რომელმაც ამდენი რამე გამოიარა, თავის მთავრობას დაშორდება, რომელიც მას მსახურად უდგას და საკუთარ თავზე იღებს დარტყმებს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ში.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ათობით საქართველოს მოქალაქეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, რომლის პირველი პაკეტი „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს მოიცავს.